ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან პარტნიორობით გიწვევთ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე „ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ“. პირველი კონფერენცია 2014 წელს ჩატარდა, რომელშიც 6-მა მომხსენებელმა წარმოადგინა ნაშრომი გერმანული ლიტერატურის შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ამჟამინდელი მეორე კონფერენცია უფრო ფართომასშტაბიანია. მასში მონაწილეობენ უცხოელი მკვლევრები. ასევე გაფართოვდა მოხსენებათა თემატიკა და ლიტერატურასთან ერთად საქართველოში არსებული გერმანული კულტურის თემებზეც შეიძლება იქნეს წარმოდგენილი მოხსენებები. კონფერენციაზე სპეციალური სესია დაეთმობა პროფ. რეზო ყარალაშვილის მოღვაწეობას, რომლის ხსოვნასაც უკვე ტრადიციულად ეძღვნება აღნიშნული კონფერენცია.
რეზო ყარალაშვილი იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის პროფესორი, გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე, თსუ „გოეთეს კაბინეტის“ დამაარსებელი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ფრიდრიხ შილერისა და თომას მანის საერთაშორისო საზოგადოებების წევრი.
რეზო ყარალაშვილი კითხულობდა ლექციებს ლიტერატურის ისტორიაში, სპეციალურ კურსებს თანამედროვე რომანის თეორიის, ლიტერატურული კრიტიკისა და ცალკეული ლიტერატურული მიმდინარეობების შესახებ ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
როგორც გოეთეს საერთაშორის საზოგადოების საქართველოს განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, რეგულარულად მონაწილეობდა ვაიმარში გამართულ „გოეთეს დღეებში“, კითხულობდა მოხსენებებს და თავმჯდომარეობდა სხდომებს.
მის მიერ დაარსებულ თსუ „გოეთეს კაბინეტში“ ტარდებოდა გოეთეს დღეები, სადაც გოეთეს შემოქმედების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით მოხსენებებს კითხულობდნენ უცხოელი სპეციალისტები, ეწყობოდა სტუდენტური თემატური კონფერენციები. 1988 წელს გოეთეს დღეების ფარგლებში მოეწყო ი. ვ. გოეთეს გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც სპეციალურად გამოიგზავნა ვაიმარიდან.
1965-1999 წლებში რეზო ყარალაშვილმა გამოაქვეყნა ასზე მეტი ნაშრომი და 6 მონოგრაფია ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ გამომცემლობებში როგორიც არის ზურკამპი (Suhrkamp Verlag), ინზელი (Insel Verlag), ბიოლაუ (Böhlau Verlag).
მან მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ჰერმან ჰესეს შემოქმედებას. რეზო ყარალაშვილი საერთაშორისოდ იყო აღიარებული ჰერმან ჰესეს შემოქმედების უბადლო მცოდნედ და ანალიტიკოსად.
სწორედ პროფ. რეზო ყარალაშვილის მოღვაწეობამ განაპირობა ის, რომ ჩვენ გვაქვს პატივი აღნიშნული კონფერენცია მივუძღვნათ მის ხსოვნას.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 3.0 License.